ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი – იუნკრების რაინდობის სიმბოლო (ვიდეო)

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გმირი იუნკერის, შალვა ერისთავის შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. იუნკრებმა 17 თებერვალს თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთი დაიკავეს. მოწინააღმდეგემ ამ მონაკვეთში შეტევა 19 თებერვალს დაიწყო, თუმცა, 19-23 თებერვლის ბრძოლებში ქართული არმიის, გვარდიისა და სამხედრო სკოლის მებრძოლებმა მისი შეჩერება მოახერხეს.

გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის, ტაბახმელას მონაკვეთზე 24 თებერვალს გაიმართა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა, კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი.

როდესაც სიკვდილის პირას მყოფ ერისთავს სანიტრები მიუახლოვდნენ, იუნკერმა მათ უკანასკნელი სიტყვები შესძახა: „დადექ, ვინა ხარ?“ და სული განუტევა. გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის მოგონებით: ,,ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“. შალვა ერისთავი ვერის ძველ სასაფლაოზე, დღევანდელ ვერის ბაღში დაკრძალეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები