არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს
პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი საგრანტო დახმარება ამ ქვეყნის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.
„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს. გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული დღის წესრიგის მხარდაჭერის, ასევე, პოსტკოვიდური ეკონომიკის აღდგენის მხრივ“, – აღნიშნავს პარლამენტის ვიცესპიკერი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.
შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის მიერ იყო წარდგენილი. სააგენტო საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს.