პაატა კვიჟინაძე: პარლამენტის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებების შესწავლას მოჰყვა ის, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა იზრდება

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ჯგუფის ხელმძღვანელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა.

აუდიტის ჯგუფმა სხდომაზე, რომელიც ონლაინ პლატფორმა Webex-ის მეშვეობით წარიმართა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიში” განიხილა.
საკითხის განხილვაში პარლამენტის წევრებსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ საჯარო სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ასევე სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, ამ პროცესის მიზანი არავის დასჯას არ წარმოადგენს. „ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ რა ნაკლოვანებებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოაჩენს ამა თუ იმ შემოწმებისას, საბოლოოდ აუცილებლად გამოსწორდეს. რეკომენდაციები, რომლებიც არ შესრულდება, სპეციალურ კონტროლზე იქნება აყვანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეკომენდაციებზე საუბარი აზრს კარგავს, ვინაიდან ხანდახან ვამბობთ – შევასრულებთ და მერე არ სრულდება ხოლმე”, – განაცხადა მან.
სხდომის მონაწილეებს ასევე მიმართა გენერალური აუდიტორის მოადგილემ დავით გოგიჩაიშვილმა და სისტემური აუდიტის განხორციელების მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, როდესაც ერთი აუდიტის ფარგლებში, ერთდროულად მრავალ უწყებაში შეისწავლება მნიშვნელოვანი საკითხები. შემდეგ კი „საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის” პრეზენტაცია წარმოადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა, რომლის თქმითაც აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2019 წელი. აუდიტის ობიექტებად განსაზღვრული იყო: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე; „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”; „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია”; „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია” და „თბილსერვის ჯგუფი”. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე. მიგნებათა შორისა გამოიკვეთა არაფინანსური აქტივებისა და საწყობის მართვის ნაკლოვანებები, სახელმწიფო კომპანიებში ინვენტარიზაციის პროცესის ხარვეზები, გამოუყენებელი და ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირების და შემდგომი განკარგვის ნაკლოვანებები, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის აქტივების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები, საბიბლიოთეკო ფონდების აღრიცხვის ნაკლოვანებები, სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ხარვეზები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში წარსადგენი ინფორმაციის ნაკლოვანებები. წარმოდგენილი იყო ცალკეული მიმართულებით გაცემული რეკომენდაციებიც, რის შემდეგაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განმარტებები გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და მათი აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით.
კანონმდებელთა შეფასებით, დარღვევები ბევრი ჩამოითვალა, რაც ნამდვილად საგანგაშოა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ობიექტების შემდგომი შემოწმებისას ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოს უკვე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე, რათა ზოგადად პროცესი გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით. სამინისტროებს და შესაბამის სამსახურებს კი ეთხოვა, რომ გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რეკომენდაციებსა და სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებთან დაკავშირებით, დროში გაწერილი გეგმები წარმოადგინონ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებით, დღეს განსახილველი საკითხი – ინვენტარიზაცია სახელმწიფო საწარმოებში – საკმაოდ საინტერესო აუდიტი იყო. „აღმოჩნდა ბევრი მიგნებები, ბევრიც ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად გამოსასწორებელია და რომლებზეც გაიმართა დისკუსია სხდომაზე. 20 რეკომენდაცია იყო გაცემული. უწყებები ამ რეკომენდაციებს ძირითადად ეთანხმებიან, მთავარია ახლა ისინი გაიწეროს დროში, რათა ამ რეკომენდაციების მოთხოვნები შესრულდეს, ჩვენ კი კონტროლზე ავიყვანთ ამ პროცესს.
გამოიკვეთა, რომ არაფინანსური აქტივების, ანუ ინვენტარის აღრიცხვიანობა არ არის სრულყოფილი, არ არიან ადამიანები მიმაგრებული ამ პროცესზე, საერთოდაც, ამ პროცესისადმი ერთიანი მიდგომა არ არსებობს, ამასთანავე აღწერას ზოგი ხელით აკეთებს, ზოგი ელექტრონულად და ა. შ. დაისახა გეგმები, რომ იყოს ერთიანი სისტემა, ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებს დაევალა რომ ყველამ ერთიანი სახით, თანამედროვედ აწარმოოს აღრიცხვის პროცესი. მაგ. სამუზეუმო ექსპონატებთან დაკავშირებით ითქვა, რომ არ არის შეყვანილი რეესტრში და არ ვიცით რა გვაქვს, ამასთან დაკავშირებითაც იყო მოთხოვნა, რომ უმოკლეს დროში ეს ყველაფერი ერთიან სისტემაში იყოს მოქცეული. ხარვეზები იყო ბიბლიოთეკასთან დაკავშირებითაც, იქაც დაისახა გეგმები”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში უდავოდ მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი, ვინაიდან, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციებს აძლევს საჯარო უწყებებს, რაც თანამედროვე ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს, ეს რეკომენდაციები ზოგიერთმა სამინისტრომ შეიძლება არ მიიღოს, ასე ვთქვათ, სერიოზულად, რადგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათი ზედამხედველი არ არის.
„თუმცა პარლამენტი, რომლის დანიშნულიც არის მთავრობა, არის ვალდებული და ეს ყველგან ასეა, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები განიხილოს და თვითონ პარლამენტმა დაავალოს სამინისტროს რომ, რომელ რეკომენდაციებსაც ეთანხმებიან, შეასრულონ და თუ არ შეასრულებს, ამას მოჰყვება სათანადო ზემოქმედება და სათანადო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ასეთმა მიდგომამ ბოლო პერიოდში სწორედ ის გამოიწვია, რომ იზრდება აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და რაოდენობა. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. წელს უკვე დავიწყეთ ყველა ანგარიშის შესწავლა და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მივაღწევთ აუდიტის სამსახურის მიერ შესაბამისი სუბიექტებისათვის გაცემული რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებას”, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები