ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში რამდენიმე თვეა, მუშაობს და 1-ელი ივლისისთვის მზად იქნება, თუმცა, საათობრივი ვაჭრობის გადავადებასთან ერთად დარჩება სატესტო რეჟიმში

“განცხადება, რომ ენერგეტიკული რეფორმა ჩავარდა, ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა, ვინაიდან სწორედ ასეთ განცხადებები აზიანებს ამ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა”, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განაცხადა.

მისი თქმით, 1-ელი ივლისისთვის ცალკე აღებული ბირჟა მზად იქნება და უკვე რამდენიმე თვეა, სატესტო რეჟიმი დაწყებულია.

ირინა მილორავას განმარტებით, სატესტო რეჟიმი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ბირჟაზე შესვლასა და განცხადების განთავსებას.

„აპრილში გვქონდა გაერთიანებული ტესტირება და ამ ერთობლივ ტესტირებაში მონაწილეობს არა მარტო ბირჟა, არამედ – საბალანსო ბაზრის ოპერატორი და ასევე აღრიცხვაც ჩართულია. რაც შეეხება საათობრივი ვაჭრობის გადავადებას, მისი სრულად გაშვებისთვის კიდევ დამატებით ექვსი თვე დაგვჭირდება. მაგრამ უნდა აღინიშნოს – ცალკე აღებული ბირჟა დღეს უკვე მზად არის იმიტომ, რომ სატესტო რეჟიმში დარეგისტრირებული მომხმარებლები დღესაც მონაწილეობენ ვაჭრობაში“, – აღნიშნა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორმა.
ირინა მილორავას თქმით, ამ რეფორმის ერთი ნაწილია საათობრივი ვაჭრობა და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ მეტად არა, ბაზრის გახსნა, რაც რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს.
„პირველი, ეს არის ჰესების დერეგულირება. 1-ელ იანვარს დაგეგმილო  იყო ჰესების დერეგულირება და წელს უკვე დამატებით ერთი ჰესი გავიდა თავისუფალ ბაზარზე, რომელიც 65 მეგავატს ქვემოთ არის. მეორე მნიშნელოვანი სიახლე არის ის, რომ 1-ელი ივლისიდან ბაზარზე დამატებით 22 მომხმარებელი გადის. დღეს არის 15 მომხმარებელი და ამას ემატება 22 ახალი მომხმარებელი, ანუ ბაზარი იხსნება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის საქმიანობების გაყოფა, ე.წ. ანბანდლინგის პროცესი. ეს არის „თელასისა“ და „ენერგოპროს“ საქმიანობების გაყოფა, როდესაც „თელასი“ და “ენერგო-პრო ჯორჯია” წყვეტენ ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას და ცალკე ყალიბდება მიმწოდებელი კომპანიები. ანბანდლინგის პროცესი დამთავრდა გადაცემის და განაწილების ლიცენზიანტებთან და 1-ელ ივლისს დასახელდება უნივერსალური მიმწოდებელი“, – განაცხადა ირინა მილორავამ გადაცემაში „საქმიანი დილა“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები