„გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გაწევრიანებისთვის“ – ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში მინისტრმა ნატო-სთან მზარდი თანამშრომლობა აღნიშნა და განაცხადა: „ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.
დღეის მოცემულობით, ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გაწევრიანებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა.
„ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. ნატო-ს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, მოხდა 2 ინიციატივის – ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.
„საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე, იცავს ნატოს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.