„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინით სულ 14 ადამიანია აცრილი, ინფიცირებულებს ვერ უვლიან, რეანიმაციაში ადგილები არ არის“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია გუშინ დაიწყო და ჯერ მხოლოდ 14 ადამიანია აცრილი.
როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ 6 500 დოზაა შეტანილი.

„30 აპრილს რუსეთიდან 6 500 ვაქცინა შეიტანეს. როგორც მოგეხსენებათ, თბილისიდან ვაქცინის მიწოდებაზე აფხაზურმა მხარემ უარი თქვა. ვაქცინაციის პროცესი გუშინ დაიწყო. ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანია აცრილი. როგორ გაგრძელდება დღეს და ხვალ, არ ვიცით. იქაც, პირველ ყოვლისა, მედპერსონალს ცრიან.

სტატისტიკურ მონაცემებში, რომელსაც აფხაზური მხარე აქვეყნებს, გალის რაიონი არ შედის. იქ ვაქცინაციის ცენტრი გახსნილი არ არის, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ღია წყაროებიდან გვაქვს. გალის რაიონში, საბედნიეროდ, ვირუსის გავრცელების დიდი მასშტაბები არ არის. ვინც აქეთ გადმოდის, იმათ ტესტირებას უტარებენ. მათი მკურნალობა, დიდწილად, ენგურს აქეთ ხდება.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის მიმართ მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არ ენდობიან. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვაქცინა რუსულია და იმიტომ არ ენდობიან. ზოგადად, რუსეთსა და აფხაზეთში ვაქცინაციის საწინააღმდეგო დიდი აგიტაცია მიდის“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში მძიმე ეპიდვითარებაა – საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ იღებენ, რეანიმაციაში კი ადგილები არ არის.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია დამძიმებულია. თუ მივმართავთ ბოლო თვეების სტატისტიკას, დავინახავთ, რომ მარტში, აპრილსა და მაისში დაინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია.

ტესტირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ბოლო მონაცემებით, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, ჩატარებულია 259 ტესტი და გამოვლენილია ინფიცირების 48 შემთხვევა. წარმოიდგინეთ, იქ რომ ტესტირება მასობრივად ტარდებოდეს, რა მდგომარეობა იქნება. ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა იმ კლინიკებში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. მათთვის ძირითადი ჰოსპიტალი გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოშია, სადაც 250 საწოლია. გუშინდელი მონაცემებით, 40 კოვიდინფიცირებული ჰყავთ და მათაც ვერ უვლიან. დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი მძიმე ავადმყოფია. 40 ავადმყოფიდან 20-ზე მეტი რეანიმაციაშია. აფხაზეთის კლინიკებში, დაახლოებით, 120 კოვიდინფიცირებული წევს, დანარჩენებს ვერ მკურნალობენ, სახლებში არიან და, ფაქტობრივად, ავრცელებენ ამ ვირუსს. ამიტომაა ძალიან რთული და საშიში ვითარება. იქ რუსეთიდანაა რამდენიმე ექიმი ჩამოსული. მათი მიმართვები იყო აფხაზეთის მოსახლეობისადმი, მოგვეხმარეთო. არ ჰყავთ ექიმები, მედდები, სანიტრები. მათ ფუნქციებს ის ექიმები ასრულებენ, რომლებიც საავადმყოფოებში მუშაობენ. ავადმყოფებს ვერ იღებენ სავადმყოფოებში. რეანიმაციაში ადგილები არ არის.

სპეციალური გადაცემა გავიდა სააგენტო „სპუტნიკზე“, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა კოვიდინფიცირებულების მკურნალობასთან დაკავშირებით. დაიხატა უმძიმესი სურათი, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გამოეხმაურა. ვფიქრობ, სწორედ ამ გადაცემას გადაჰყვა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი“, – განაცხადა გამახარიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები