პუტინის განკარგულება, რუსეთის ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკა და ანექსირებული ყირიმი
2020 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ანექსირებული ყირიმის შესახებ განკარგულება გამოსცა, რომელიც ძალაში 2021 წლის 20 მარტს შევიდა. დოკუმენტი ყირიმისა და სევასტოპოლის უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა ტერიტორიებად აღიარებს და რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწის შეძენას უკრძალავს. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია კიდევ ერთხელ დაგმო.
რუსეთმა 2014 წლის 16 მარტს, უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით, ნახევარკუნძულზე რუსეთთან შეერთების საკითხზე “რეფერენდუმი” ჩაატარა. ყირიმის ანექსია18 მარტს „გაფორმდა“, როდესაც ვლადიმერ პუტინმა, ანექსირებული რეგიონის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, სერგეი აქსიონოვმა და სევასტოპოლის საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ალექსეი ჩალიმ ინტეგრაციის შესახებ „ხელშეკრულებას“ ხელი მოაწერეს.
2020 წლის 21 ივნისს ტელეარხ „როსია 1“-ის პროგრამაში „მოსკოვი. პუტინი. კრემლი“ პუტინმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს მის შემადგენლობაში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები“ და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები“ მიიღო. პუტინმა დააზუსტა, რომ 2014 წელს რუსეთთან ყირიმის შეერთება ნახევარკუნძულის მოსახლეობის „დემოკრატიული არჩევანი“ იყო. „ყირიმი ყოველთვის ჩვენი იყო, იურიდიული თვალსაზრისითაც კი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პუტინის ინტერვიუზე საუბრისას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს. როგორც ჩანს, აფხაზეთის, ცხინვალის, დონბასისა და ყიმირის ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზები მსოფლიოს კოლექტიური ჰალუცინაციაა.
პუტინის განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ეს უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძულის რუსეთთან ძალდატანებით ინტეგრაციის კიდევ ერთი მცდელობაა.“ ევროკავშირის თქმით, განკარგულება ნახევარკუნძულზე რუსეთის მოქალაქეობის ძალისმიერ გავრცელებას ემსახურება და, ასევე, საკუთრების უფლებას არღვევს. რუსეთის ე.წ. პასპორტიზაციის პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში წლებიაზ აქტიურად ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული ფორმირებები კიევის წინააღმდეგ იბრძვიან, სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობა, დაახლოებით, 527 000 ადამიანს მიენიჭა.
მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის მოხსნას რუსეთი მუდმივად ცდილობს, სევასტოპოლსა და ყირიმში კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს თავად უკრძალავს უძრავი ქონების ფლობას. ორმაგი სტანდარტები კრემლისგან გასაკვირი არ არის, თუმცა, მაინც აღსანიშნავია, რამდენად უსამართლო დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ მოსკოვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
უძრავი ქონების საკითხი ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე მგრძნობიარე თემაა. აფხაზებს ეშინიათ, რომ, აკრძალვის მოხსნის შემთხვევაში, რუსები მიწებს სრულად დაეპატრონებიან, ამიტომაც, აქამდე „პოლიტიკოსები“ ვერც ბედავდნენ შეზღუდვის მოხსნაზე საუბარს. თუმცა, პანდემიამ საქართველოს მიტაცებულ რეგიონს უდიდესი ფინანსური დარტყმა მიაყენა. ისედაც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე მყოფი აფხაზეთი რუსეთმა მიატოვა. ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „მოსკოვის კარზე“ თვეების განმავლობაში ითხოვდა დახმარებას. საბოლოოდ, ფინანსური დონაციის დაპირება მიიღო, თუმცა, აფხაზები სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ იმას, თუ რა მოითხოვა პუტინმა თანხის სანაცვლოდ. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს სწორედ რუსებისთვის ქართული მიწების მიყიდვის დაშვება იყო.
რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევას ჯიუტად აგრძელებს. მოსკოვს არ ჰყავს პარტნიორები, კრემლისთვის მხოლოდ „გუბერნია“ სახელმწიფოები არსებობენ. რუსეთი მუდმივად სხვებისკენ იშვერს თითს, დასავლეთის ქვეყნებს „შიდა საქმეებში“ ჩარევაში ადანაშულებს და, ამ დროს, რუსეთის ჯარი უკრაინისა და საქართველოს მიწაზე უკანონოდ არის განლაგებული. ყირიმის ნახევარკუნძულის შესახებ მიღებული უკანასკნელი განკარგულება მოწმობს, თუ როგორ ცრუობს პესკოვი, რომ, თითქოს, რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს. განკარგულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთს ორმაგი სტანდარტები აქვს და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც კრემლთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას მოახერხებდა, რადგან ოფიციალური მოსკოვი არავის სცემს პატივს და მხოლოდ „მონების“ არსებობას აღიარებს.
ლელა სალუქვაძე