აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში იმყოფება – სახელმწიფო დეპარტამენტი ბლინკენის ვიზიტის მთავარ მიზანს ასახელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩაფრინდა. დიპლომატის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში გამთენიისას დაეშვა.

ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი გამართავს შეხვედრას უკრაინელ კოლეგასთან დმიტრი კულებასთან, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სხვა თანამდებობის პირებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ცოტა ხნის წინ  სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბლინკენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის “ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის გაგრძელებადი აგრესიის ფონზე”.

ვიზიტის დროს ბლინკენი ასევე წაახალისებს უკრაინას, რომ რეფორმების საკითხში იყოს პროგრესი მიღწეული, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური აღმავლობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის.

ამავე დროს, განცხადებაში ორმხრივი ურთიერთობების ფონზე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის მცდელობებს, მიაღწიოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და შექმნას მდიდარი, უსაფრთხო და დემოკრატიული მომავალი ყველა უკრაინელისთვის.

უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებითა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკით, მათ შორის, ოკუპირებულ ყირიმში და საზღვრებთან რუსეთის ჯარების გაზრდით. შეერთებული შტატები სიტუაციის ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს და უკრაინის ოფიციალურ პირებთან, ასევე, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინაციას.

”ჩვენ გამოვთქვამთ პატივს უკრაინის მიმართ მისი მუდმივი თავშეკავების გამო და მოსკოვთან კონტაქტებში ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ვითარებას ამწვავებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ ყირიმი და დონბასი არის უკრაინა.

”შეერთებული შტატები არ ცნობს და არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას. რუსეთს მოვუწოდებთ, დაუბრუნოს ნახევარკუნძულზე კონტროლი უკრაინას ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კეთილსინდისიერად იმუშაოს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისა და უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები