საფრანგეთის მთავრობამ 2 ათასზე მეტ უცხოელს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებისთვის ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა
საფრანგეთის მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის 2 ათასზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საფრანგეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით მიანიჭა.
ამის შესახებ The Local -ი წერს.
ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში საფრანგეთის შსს-მ მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, დაჩქარებული წესით ნატურალიზაციის მისაღებად განაცხადი შეიტანონ.
როგორც მოქალაქეობის მიღების საკითხთა უმცროსმა მინისტრმა, მარლენ შიაპამ თქვა, წარმოდგენილი თითქმის 8 ათასი განაცხადიდან 2009 ადამიანმა მოქალაქეობა მიიღო, დანარჩენი 6 ათასი განაცხადი ჯერ კიდევ შემოწმების პროცესშია.
”მედიცინის მუშაკები, დამლაგებლები, ბავშვებზე ზრუნვის მუშაკები, მოლარეები: ყველა მათგანმა დაადასტურა ერისადმი საკუთარი ერთგულება და ახლა რესპუბლიკის ჯერია მათკენ ნაბიჯი გადადგას”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გარდა ამისა, საიმიგრაციო ორგანოებს დაევალათ, შეემცირებინათ ბინადრობის პერიოდი, რომელიც საჭიროა მოქალაქეობის მისაღებად, ხუთი წლის ნაცვლად, ორ წლამდე.