ინდოეთის ფედერალური მთავრობის მაღალჩინოსნის განცხადებით, არც ნიუ დელიში და არც ქვეყნის სხვა რომელიმე მხარეში ჟანგბადის პრობლემა აღარ არის.
თუმცა, BBC წერს, რომ იმ დროს, როდესაც მაღალჩინოსანი მედიასთან აღნიშნულ განცხადებას აკეთებდა, ორიოდე ნაბიჯის მოშორებით მდებარე საავადმყოფოების ხელმძღვანელები სოციალურ ქსელში განგაშის გზავნილებს ტოვებდნენ იმის შესახებ, რომ მათ ჟანგბადის მარაგი ეწურებათ.
როგორც გამოცემას ერთ-ერთი პედიატრიული დაწესებულების მთავარმა ექიმმა განუცხადა, ბავშვების დაღუპვის მაღალი რისკის გამო, “ჩვენი გულები ჩვენს გზავნილებში ვლინდებოდა”. მისი თქმით, კლინიკამ ჟანგბადის მარაგი დროულად მიიღო, ოღონდ მას შემდეგ, რაც საქმეში ადგილობრივი პოლიტიკოსი ჩაერთო.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად ამისა, ფედერალური მთავრობა არაერთხელ აცხადებდა, რომ დეფიციტი არ არსებობს.
როგორც ქვეყნის შსს-ს მაღალჩინოსანმა, პიუშ გოიალმა თქვა, “ჩვენ მხოლოდ ტრანსპორტირების პრობლემა გვაქვს”. მან ასევე საავადმყოფოებს ურჩია, ჟანგბადი ინსტრუქციების შესაბამისად, გონივრულად გამოიყენონ. ამასთან, რამდენიმე ექიმმა, ბიბისი-ს უთხრა, რომ ჟანგბადს მხოლოდ იმ პაციენტებს აძლევენ, რომლებიც მას უკიდურესად საჭიროებენ, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი.
ადგილობრივი ექსპერტები საუბრობენ, რომ ჟანგბადის უკმარისობა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც აჩვენებს, რომ როგორც ფედერალური მთავრობა, ისე შტატების ხელმძღვანელობა არ მოემზადა მეორე ტალღის ზარალის მინიმიზაციისთვის.
ისინი კატასტროფისთვის მზად უნდა იყვნენ, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში ჯანდაცვის საკითხთასაპარლამენტო კომიტეტში გაკეთდა განცხადება ჟანგბადისა და სახელმწიფო საავადმყოფოებში საწოლების არასაკმარისი რაოდენობის შესახებ.
უკვე თებერვალში BBC-ის რამდენიმე ექსპერტმა უთხრა, რომ შიშობს კორონავირუსის მოსალოდნელი ცუნამის გამო.
მარტის დასაწყისში, მთავრობის მიერ შექმნილმა მეცნიერთა საექსპერტო ჯგუფმა გააფრთხილა ჩინოვნიკები ქვეყანაში გავრცელებული ვირუსის გაცილებით მძიმე შტამის შესახებ, რომ მომხდარიყო მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ამის მიუხედავად, 8 მარტს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი “პანდემიის ფინალშია”.
ოფიციალური პირები დღეს საუბრობენ, რომ ქვეყანა ჟანგბადის საკმარის რაოდენობას აწარმოებს, თუმცა, პრობლემა მის ტრანსპორტირებას უკავშირდებოდა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამის მოგვარება დროულად იყო შესაძლებელი.
ამჟამად, უკვე მას შემდეგ, რაც ვერაგ დაავადებას ათასობით ადამიანი შეეწირა და ასობით ათასი დაინფიცირდა, მთავრობამ სპეციალური მატარებლების მობილიზება მოახდინა, რომლებსაც ჟანგბადი ერთი შტატიდან მეორეში გადააქვთ, ასევე, შეწყდა ჟანგბადის გამოყენება მრეწველობაში.
ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ უკვე იანვარ-თებერვალში ,,რემდისივერის,, მარაგი ამოეწურათ. მისი განმარტებით, მთავრობას წამლის დროული შეკვეთა რომ გაეკეთებინა, დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდნენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახლა წარმოება გაზრდილია, თუმცა, მოთხოვნა მაინც ჭარბობს.
როგორც მახარაშტრას შტატის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დრო იკარგება, რადგან ამჟამად კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე სოფლებში ვრცელდება, სადაც ჯანდაცვის სისტემები ბევრად უარესია, ვიდრე ქვეყნის მსხვილ ქალაქებში.