ნიუ დელიში მდებარე, Rainbow Children’s Hospital-ში 2 მაისს განგაშის ხმა გაისმა – ბავშვთა საავადმყოფოს ჟანგბადის მარაგი უკვე 3 მაისს ეწურებოდა, რაც 30 ახალშობილსა და ბავშვს სიკვდილის წინაშე დააყენებდა.
შესაბამისი ინფორმაცია Twitter-ში საავადმყოფოს დირექტორმა გაავრცელა.
მოგვიანებით, იქვე გამოჩნდა ჩანაწერი, რომ კლინიკამ ჟანგბადის 15 ბალონი მიიღო, რაც პრობლემას მხოლოდ რამდენიმე საათით მოაგვარებდა.
Le Monde წერს, რომ ისევე, როგორც ინდოეთის დედაქალაქის დანარჩენი საავადმყოფოებისთვის, Rainbow Children’s Hospital-ის დირექტორისთვის ჟანგბადისთვის ბრძოლა ყოველდღიურობა გახდა.
პირველ მაისს Batra Hospital-ში ჰაერის უკმარისობით 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი ექიმი.
როგორც გამოცემის კორესპონდენტი წერს, “მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ყოველდღიურად სატვირთო თვითმფრინავებით ჟანგბადის გენერატორები ჩადის, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაპირებულ დახმარებას წარმოადგენს, გარკვეული დროა საჭირო, რომ ისინი დედაქალაქამდე და ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებამდე მივიდეს”.
“ამასობაში, ნიუ დელი იხრჩობა. ადამიანების ნაწილი ქუჩაში ჟანგბადის ავზების ძებნაში დარბის. ზოგი სასოწარკვეთილი ეძებს საავადმყოფოში საწოლს. გადატვირთული საავადმყოფოები, პაციენტების მოზღვავების გამო, იძულებულნი არიან, შესასვლელებთან ჟანგბადის უკმარისობის შესახებ განცხადებები განათავსონ, რომ ამ გზით ახალი პაციენტების მიღება აირიდონ. საკარანტინო ზომები კი 10 მაისამდე გახანგრძლივდა. ინდოელი ჟურნალისტები მოწინავე ადგილზე არიან: ეპიდემიის დასაწყისიდან კორონავირუსისგან მათგან 150 გარდაიცვალა. მათი სახელები, ისევე როგორც სხვა მსხვერპლთა სახელები, სოციალურ ქსელებში გამოიფინება ხოლმე. სოციალური ქსელი, რომელიც ძალიან უყვარს ქვეყნის პრემიერს, ნარენდრა მოდის, სიკვდილის ნამდვილ ჟურნალად იქცა, რომელიც შეიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, კულტურის მოღვაწეთა, მწერლების, მსახიობების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უცნობი პირების სახელებს, რომელთა პატივისცემაც სურთ მათ ახლობლებს. “ტვიტერი” ასევე იქცა სამძიმრების თავმოყრისა და SOS განგაშის ადგილად, რომელიც უცნობი პირებისა და საავადმყოფოების მიერ არის გაშვებული საწოლის, ჟანგბადის, წამლების მოპოვების იმედით”, – წერს სტატიის ავტორი.
მისი თქმით, ყოველდღიურად იზრდება რიგები აფთიაქებთან, ერთადერთ ობიექტთან, რომელიც მაღაზიებთან ერთად არის გახსნილი.
“ბევრი მშიერი ცხოველია – ძაღლები, კატები, მაიმუნები, ძროხები, რომლებიც დახეტიალობენ პარკებსა და ქუჩებში. მათ დაკარგეს საკვები რესტორნების დახურვისა და მოსახლეობის სახლში გამოკვეტვის შემდეგ, რომლებსაც მათთვის ჩვეულებრივ საკვების ნარჩენები, ხილი და ბოსტნეული მოჰქონდათ”, – წერს Le Monde.
რაც შეეხება Rainbow Children’s Hospital-ს, მის Twitter-ის გვერდზე უკანასკნელი ჩანაწერი 2 მაისს არის გაკეთებული. 5 მაისის მდგომარეობით, უცნობია, რა ბედი ეწია საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს.