დონალდ ტრამპი: ხალხი ბედნიერი იქნება, როდესაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ

ხალხი ბედნიერი იქნება, როდესაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მოუთმენლად ველოდები საჭირო დროს განცხადების გაკეთებას. მოგეხსენებათ, ჯერ ძალიან ადრეა. მაგრამ ვფიქრობ, ხალხი ძალიან ბედნიერი იქნება, როდესაც კონკრეტულ განცხადებას გავაკეთებ.

მოგეხსენებათ, რომ კამპანიის დაფინანსების მიზეზების გამო, ნაადრევად განცხადების გაკეთება არ ღირს“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა კენდეს ოუენსთან ინტერვიუში.

3 მაისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც „დიდ ტყუილს“ მოიხსენიებს.

„2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები დღეიდან ცნობილი იქნება, როგორც დიდი ტყუილი!“ – ნათქვამია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებაში.

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა – 232 ხმა.

რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებდა არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები