ვის სურს „რუსეთის გაფართოება საკამათო ტერიტორიების – მაგალითად, აფხაზეთის ხარჯზე“

„პაწაწუნა სახელმწიფოები, რომლებიც მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზების წყალობით არსებობენ“, – ასე დაახასიათა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები რუსმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, მწერალმა და ჟურნალისტმა, ალექსანდრე პროხანოვმა. „მათი შეყვანა რუსეთის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დიდ რუსეთთან მიერთება, დიდი ნოვოროსიის გეგმების განხორციელება, ნატანჯი, რუსული გულისთვის ძვირფასი დნესტრისპირეთის შემოერთება სწორედ ის გეოპოლიტიკური მოდელია, რომელიც მოაზროვნე გეო სტრატეგოსების გონებაში ცოცხლობს”, – წერს პროხანოვი. ის ირწმუნება, რომ ამ კონცეპციის შესახებ მსჯელობა რუსეთის გენერალური შტაბის კაბინეტებში, უსაფრთხოების საბჭოშიც და საგარეო საქმეთა სამინისტროში უცილობლად მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, ეს კონცეფცია მართლაც საკმაოდ აქტუალურია, მით უფრო, რომ მისი წინ წამოწევა კიდევ ერთხელ და საკმაოდ მკაფიოდ ახლა ხდება. რუსეთის ტერიტორიის გაფართოება უკვე პოლიტიკური გაერთიანების – „სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები-სიმართლისთვის“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა –  სერგეი მირონოვმა, პარტია „სიმართლისთვის“ ხელმძღვანელმა – ზახარ პრილეპინმა და პარტია „რუსეთის პატრიოტების“ ლიდერმა – გენადი სემიგინმა გაერთიანების მანიფესტს  მოაწერეს ხელი. ჯერ კიდევ დანარჩენ პარტიებთან გაერთიანებამდე, ზახარ პრილეპინის პარტიამ  წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომელშიც რუსეთთან თვითაღიარებული რესპუბლიკების მიერთების თაობაზე იყო საუბარი. „ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, მოხდეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის დაუყოვნებლივ აღიარება და,  რეფერენდუმების შედეგების მიხედვით,  რუსეთის ფედერაციასთან მათი მიერთება. ასევე, გამოვდივართ წინადადებით, რეფერენდუმების შედეგების მიხედვით, მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება, რფ-ს სუბიექტების უფლებების მინიჭებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ეს სამი პარტია ახლა 2021 წლის რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ემზადება და მძლავრი რესურსებით ცდილობს ოპოზიციური ველის დაკავებას.  გაერთიანებული პარტიის აპარატის ხელმძღვანლის მოადგილე, ნიკოლაი ნოვიჩკოვი საერთო მანიფესტზე, რომელიც სამივე პარტიის ხედვას წარმოადგენს, ასეთ რამეს ამბობს: „ჩვენს მანიფესტში, რომელსაც სამი პარტიის ლიდერებმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ „დონბასი – ეს რუსეთია“. და ყველა იმ ტერიტორიამ, რომელსაც რუსეთთან მიერთება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიიღოს, ხოლო რუსებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, უნდა მიიღონ უფლება, ჰქონდეთ სამშობლო“. ნოვიჩკოვის თქმით, როდესაც მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი დაიწყო, პარტიის წარმომადგენლებმა არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობას მიმართეს. ნოვიჩკოვის აზრით, ამ კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთი გზა  რუსეთთან მიერთებაა. ნიშანდობლივია გამოცემა „ვედომოსტი“-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი განცხადება ამ თემაზე.  მწერალი ნიკოლაი სტარიკოვი, რომელიც ზახარ პრილეპინის თანაპარტიელია, ამბობს, რომ  მათი პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო იდეა „რუსეთის გაფართოებაა საკამათო ტერიტორიების ხარჯზე, მაგალითად, ეს არის აფხაზეთი.“

როგორც ცნობილია, ამ პარტიების წევრები, პიარტექნოლოგები, კონსულტანტები კრემლთან დაახლოებული პირები არიან. მაგალითად, „სამართლიანი რუსეთის“ აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელობს პოლიტტექნოლოგი დმიტრი გუსევი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს. ასეთივე სტატუსი აქვს კრემლთან აფილირებულ პოლიტექნოლოგ ოლეგ მატვეიჩევს და ამ ურთიერთობებს ამ პარტიებში არც არავინ მალავს.

იყო დრო, როცა მსგავსი „ბუმბერაზი“ იდეები ხმამაღლა მხოლოდ ჟირინოვკისნაირ ოდიოზური ფიგურებისგან ისმოდა.  ამ განცხადებებს სერიოზულად  არავინ იღებდა, ახლა კი რუსეთთან მიერთების იდეა იმდენად წინ წამოიწია და თანაც ისეთი ადამიანების მხრიდან, რომ ფაქტია – მნიშვნელოვანი არჩევნების წინ პუტინი ფსონს „ველიკოძერჟავულ“ პათოსზე  აკეთებს. ის ისეთი პოლიტიკოსების თუ პარტიების მობილიზებას ახდენს, ვინც რუს ხალხში წარსული დიდების გრძნობას გააღვიძებენ და ამას სწორედ აფხაზების, ოსების, ოკუპირებული უკრაინის რეგიონების ხარჯზე გააკეთებენ. პუტინი ქმნის ოპოზიციის არსებობის ილუზიას და სულაც არ ადარდებს, რას ფიქრობენ აფხაზები ან ოსები, მით უფრო, რომ მათი „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკების ბიუჯეტები რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

დემნა აბესაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები