სალომე სამადაშვილი: ყველაფერი უნდა დავგეგმოთ, ვიმსჯელოთ და შევაჯეროთ საერთო ოპოზიციური გეგმები უახლოესი კვირებისთვის
“ყველაფერი უნდა დავგეგმოთ, ვიმსჯელოთ და შევაჯეროთ საერთო ოპოზიციური გეგმები უახლოესი კვირებისთვის”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმების შესრულებაზე დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკური მომავალი.
„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დამოკიდებულია იმ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულებაზე, რომელიც დაიდო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ არის, რაც უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირებში, რათა შეთანხმება განხორციელდეს. შეიძლება ითქვას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლუპით აკვირდებიან ამ შეთანხმების შესრულებას და ჩვენგანაც ელოდებიან ინფორმაციას, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის ფარგლებში რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში. ცხადია, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავგეგმოთ, ვიმსჯელოთ და შევაჯეროთ საერთო ოპოზიციური გეგმები უახლოესი კვირებისთვის.
ჩვენ დღეს სწორედ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ ვიმუშაოთ ყველაზე უფრო ეფექტიანად პარლამენტში იმიტომ, რომ ვხედავთ, ერთი მხრივ, არის შეთანხმების შესრულება და, მეორე მხრივ, ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი. ადამიანები ელოდებიან, რომ მათი ხმა და ინტერესები იქნება დაცული, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად ჩვენი საპარლამენტო მუშაობის ფორმატზე უახლოესი კვირების მანძილზე. დიდი იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ შემოუერთდება შეთანხმებას და ოპოზიცია სრულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა.