ლევან რატიანი: ერთი თვის წინ საწოლფონდის 30% იყო დაკავებული, ახლა კლინიკა გადავსებულია
ერთი თვის წინ საწოლფონდის 30% იყო დაკავებული, ახლა კლინიკა გადავსებულია, – ამის შესახებ “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორმა, ლევან რატიანამა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა მომართვიანობამ, მაგრამ კლინიკას პაციენტების მისაღებად რესურსი არ ჰყოფნის.
“ჩვენდა სამწუხაროდ, დღესაც ეს სიტუაციაა. თქვენ იცით, რომ კლინიკაში საწოლფონდი იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც შესაძლებელია მოვემსახუროთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ მკურნალობას.
ამ წუთისათვის, კლინიკაში არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის. მართალია, ეს არის პერმანენტული პროცესი და დგება მომენტები, როდესაც გამოჯანმრთელებული პაციენტები ეწერებიან და მის ადგილზე ვიღებთ ახალ პაციენტებს. მაგრამ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ჩვენს კლინიკაში მომართვიანობამ ამ ეტაპზე, არცერთი პაციენტის თავისუფალი საწოლი კლინიკას არ გააჩნია.
ჩვენ გვაქვს 40 საწოლი მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისათვის ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში, ორმოცივე დაკავებულია,”- განაცხადა ლევან რატიანმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერში.