პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უკრაინის მოქალაქე ნ.კ. და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქე ნ.კ.-მ ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახის მიცემა განიზრახა.

წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ნ.კ.-მ, 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და „ინტერნეტ ბანკინგის“ მომხმარებლად დაარეგისტრირა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩეხური კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევის და საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის საქართველოში გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე.
აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები