გიორგი ბარამიძე: მჯერა, კარს მომდგარ, მომდევნო არჩევნებზე რეჟიმს ბეჭებზე დავდებთ

“პოლიტიკა არ არსებობს გონიერი კომპრომისის გარეშე, მაგრამ კომპრომისი პრინციპებთან მიმართებით მიუღებელი და დაუშვებელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის მთავარი მონაპოვარი ხალხის ნდობა და თანადგომაა.

“პოლიტიკა არ არსებობს გონიერი კომპრომისის გარეშე, მაგრამ კომპრომისი პრინციპებთან მიმართებით მიუღებელი და დაუშვებელია, ამიტომაც,  ჩვენი გუნდი, ენმ არ აპირებს ისეთ კომპრომისებსა და რეჟიმთან გარიგებაზე წასვლას, რაც იქნება ჩვენი პრინციპებისა და ამომრჩევლისთვის მიცემული სიტყვის დაღალატება.

ნორმალურ ვითარებაში, პარლამენტია ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა, მაგრამ როცა პარლამენტი გაყალბებული არჩევნებით არის შეკოწიწებული და იქ “უმრავლესობა” “უმცირესობის” როლები არის თავდაყირა დაყენებული, ეს ნიშნავს ხელისუფლების უზურპირებას.

ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ასეთ “პარლამენტში” შესვლა ნიშნავს, რომ ნაწილობრივ მაინც იზიარებ უზურპატორი რეჟიმის თამაშს და უარყოფ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრინციპს.

ნებისმიერი პარტიისთვის მთავარი მონაპოვარი არა ასეთი პარლამენტის სკამია, არამედ – ხალხის (მისი ამომრჩევლისა და მხარდამჭერის) ნდობა და თანადგომა.

აი, ეს არ უნდა დაკარგოს პარტიამ და მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებს.

მჯერა, ენმ ასეც მოიქცევა და კარს მომდგარ, მომდევნო არჩევნებზე (მიუხედავად დიდი ფორისა რაც ოლიგარქს აქვს) რეჟიმს ბეჭებზე დავდებთ”, – წერს ბარამიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები