პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს” საქმიანობის გასაფართოებლად მიწა და შენობა-ნაგებობები გადაეცემა
ქიმიური პროდუქციის საწარმოს შექმნა იგეგმება შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფის” მიერ ინიცირებული პროექტით, რომელიც, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება – საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, დამტკიცდა განკარგულება, რომლის მიხედვით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს” სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა ქალაქ თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.
Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათაო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. კომპანია 20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება. დღეის მდგომარეობით, კომპანიის წარმომადგენლობა მოქმედებს საქართველოს, ბელორუსიის, სომხეთის, რუსეთის, და ყაზახეთის რესპუბლიკებში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის ინფორმაციით, „ეკოკემიკა სერვის ჯგუფი” საქართველოში აწარმოებს პროდუქციას, რომლის ფორმულებიც შემუშავებულია Ekokemika International-ის მიერ, ხოლო ნედლეული, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის შესაქმნელად, წარმოებულია ევროპის ქვეყნებში. მათივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ Ekokemika International-ს გააჩნია დიდი გამოცდილება აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბაზრებზე მუშაობის, კომპანიამ სარეცხი ხსნარის დამზადების სპეციალური ფორმულები კონკრეტულად საქართველოს ბაზრისთვის შეიმუშავა.