თეიმურაზ შარაშენიძემ დმიტრო კულებასა და მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან შეხვედრა გამართა
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე მიმდინარე წლის 21 აპრილს დაბრუნდა ქ. კიევში და შეუდგა მოვალეობების შესრულებას, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან. შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.
შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა. საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.