„ტერმინ „ბოიკოტის“ დამკვიდრებით ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლამაზად გაასაღა“
“ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა და ამ ტერმინის დამკვიდრებით ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლამაზად გაასაღა”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის წარმომადგენლები: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და თემურ ლომაია ხელისუფლებასა და პოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების მიღწევას ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, ოპოზიცია ფორმით ბოიკოტის, ხოლო შინაარსით საბოტაჟის გზას დაადგა.
„პოლიტიზებული ექსპერტებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ საქართველოში ნახევარწლიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის მიზეზების შეფასება იმთავითვე არასწორი მიმართულებით განვითარდა. არჩევნების მეორე დღესვე მთელი ძალით ჩართული პროპაგანდისტული მანქანა ხალხში გაყალბებული არჩევნების შთაბეჭდილების დამკვიდრებას ემსახურებოდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს, ამას არავითარი დამტკიცება არ სჭირდებოდა.
ამ პროპაგანდის გავლენას დაექვემდებარა ხელისუფლებაც, რომელმაც თავიდანვე არასწორი კვალიფიკაცია მისცა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეუსვლელობას და ამ ქმედებას, საბოტაჟის ნაცვლად, ბოიკოტი უწოდა. ბოიკოტი არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა და ამ ტერმინის დამკვიდრებით ოპოზიციამ თავისი დესტრუქციული ქმედებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ლამაზად გაასაღა და არაკანონიერი ქმედებების პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამგვარად მოახერხა. პარლამენტში არშესვლის მიზეზად მათ არჩევნების გაყალბება დაასახელეს, რაც დამარცხებულებმა ვერ დაუმტკიცეს ვერც საკუთარ მოქალაქეებს და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამიტომ, ისინი დაადგნენ ფორმით ბოიკოტის, ხოლო შინაარსით – საბოტაჟის გზას. საბოტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და გულისხმობს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას“ (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი). უწყობდა თუ არა ხელს „საბოტაჟნიკების“ მოქმედება საქართველოს დასუსტებას მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარ ქმედებებს სწორედ საქართველოს გაძლიერებაზე ზრუნვით ფუთავდნენ? იწვევდა თუ არა მათი ქმედებები პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამასაც პარლამენტის რეპუტაციის გადარჩენისათვის ბრძოლას არქმევდნენ? ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება მორჩილად დაეთანხმა ოპოზიციის პროპაგანდაზე აგებულ კვალიფიკაციას და არც უფიქრია, სწორად შეეფასებინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამიტომ, „ბოიკოტად“ მონათლულ საბოტაჟს ოპოზიციამ მარტივად შესძინა არასწორი კვალიფიკაცია და პოლიტიკურ ჭიდილში დაამკვიდრა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე შეფასებით, მეორე შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის ქმედებების კვალიფიკაციაში დაუშვა, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების საკითხს ეხებოდა.
„ხელისუფლებამ, აჰყვა რა ოპოზიციონერთა დამკვიდრებულ ნარატივს, არაპირდაპირ მანაც აღიარა, რომ რადგან ეს უკანონო ქმედებები იყო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის საწინააღმდეგო აქცია, თითქოს, მის მონაწილეებს ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ლეგიტიმური უფლება. აშშ -ში 2021 წლის 6 იანვარს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის ფაქტი ხელისუფლებამ შიდა ტერორიზმად დააკვალიფიცირა და ასეულობით ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის შენობაში „უიარაღო“ და „მშვიდობიანი“ ამერიკელი მოქალაქეები შეიჭრნენ, რომლებიც ასევე აცხადებდნენ, რომ გაყალბებისგან იცავდნენ თავიანთ არჩევანს (მათ დაშლას სამართალდამცავთა მიერ შტურმის მონაწილე რამდენიმე პირის მკვლელობა მოჰყვა). მართალია, საქართველოში შტურმის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და სამართალდამცავებმა თავდამსხმელები მსხვერპლის გარეშე მოიგერიეს, მაგრამ, ჩვენი კანონმდებლობით, დანაშაულის მცდელობასა და შედეგამდე მისულ დანაშაულს შორის პრაქტიკულად არავითარი განსხვავება არ არის,
„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის, განსაზღვრული კოდექსის შესაბამისი მუხლით, ითვალისწინებს-იმავე პასუხისმგებლობას რასაც დასრულებული დანაშაული“ (იხ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი).
საქართველოს ხელისუფლების ასეთმა არასწორმა, გაუბედავმა და პროპაგანდას დაქვემდებარებულმა მოქმედებებმა ბევრწილად განაპირობეს ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ ქართველი საბოტაჟნიკების ნარატივს და ხელისუფლებას გაუმართლებელი დათმობებისკენ მოუწოდებდნენ. მართალია, საბოლოოდ, ავად თუ კარგად, ამ ეტაპზე ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასრულება მოხერხდა, მაგრამ სამომავლოდ ასეთი გაუბედავი და არაადეკვატური მოქმედებები გაცილებით მეტ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს როგორც ხელისუფლებას, ასევე, მთელს ქვეყანას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება 19 აპრილს შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.
შეთანხმების ტექსტს ოპოზიციიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა – ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძემ.
დოკუმენტს არ შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
მმართველი გუნდის სახელით ტექსტს ხელი მოაწერეს: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა – შალვა პაპუაშვილმა.
დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს მიიღებს.