ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ერთ კვირაში 14%-ით, გარდაცვალების კი 8%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 12-18 აპრილის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 5 236 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – დაავადების მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა.

აღინიშნება, რომ ამავე პერიოდში ვირუსს 83 305 ათასი ადამიანი შეეწირა, რაც წინა ერთ კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია.

12-18 აპრილის პერიოდში განსაკუთრებული მატება შეინიშნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 57%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში – 15%-ით მაშინ, როდესაც ევროპაში 3%-ით შემცირდა.

ასევე, ლეტალური შემთხვევების რიცხვი გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 49%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 23%-ით და აფრიკაში – 14%-ით, მაგრამ შემცირებულია დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 8%-ით და ევროპაში – 3%-ით.

ევროპაში ერთ კვირაში 1,6 მილიონზე მეტი ინფიცირებულია და 26 ათასზე მეტი გარდაცვლილი.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ინფიცირების 1,5 მილიონზე მეტი და 39 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევების რიცხვი დაფიქსირდა.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1,5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 9 ათასზე მეტი გარდაცვლილია.

ინდოეთში 12-18 აპრილის მონაკვეთში ინფიცირების მაჩვენებელი 1,4 მილიონზე მეტით გაიზარდა; აშშ-ში – 477 ათასზე მეტით; ბრაზილიაში – 459 ათასზე მეტით; თურქეთში – 414 ათასზე მეტით; საფრანგეთში – 233 ათასზე მეტით; ირანში – 166 ათასზე მეტით; არგენტინაში – 160 ათასზე მეტით; გერმანიაში 143 ათასზე მეტით; კოლუმბიაში – 115 ათასზე მეტით; პოლონეთში – 113 ათასზე მეტით; იტალიაში – 103 ათასზე მეტით, უკრაინაში – 93 ათასზე მეტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები