აშშ-ის სასამართლომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ პოლიციელი დერეკ შოვინი ცნო – მას თავისუფლების 40 წლით აღკვეთა ემუქრება

აშშ-ში სასამართლომ მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ 2020 წლის მაისის ბოლო აშშ-ში რასიზმისა და პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის სერია გამოიწვია.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ნაფიცმსაჯულები ათობით მოწმეს, სამართალდამცველებსა და მედიკოსებს უსმენდნენ. შოვინს თავისუფლების 40 წლამდე აღკვეთა ემუქრება, თუმცა, სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შოვინი სასამართლოდან ხელბორკილებით გაიყვანეს და დააკავეს. სასამართლო პროცესის დროს ის თავისუფლებაზე იმყოფებოდა, რადგან მანამდე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ფლოიდის ნათესავებს ქვეყნის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაუკავშირდა.

სატელეფონო საუბრის დროს მან თქვა, რომ “დღევანდელი განაჩენი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვერავინ დააბრუნებს ძმასა და მამას, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ამერიკაში სამართლიანობისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. ამერიკამ უნდა გააგრძელოს ბრძოლა რასობრივ უსამართლობასა და უთანასწორობასთან.”

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში გამამტყუნებელი განაჩენი იშვიათობაა. ბაიდენის თქმით, ამაზე შეჩერება არ შეიძლება და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები