“მომდევნო კვირის განმავლობაში, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანია ეხება ყველა ვაქცინას და არამხოლოდ ,,სინოფარმს”.
„მომდევნო კვირის განმავლობაში აქტიური საინფორმაციო კამპანია დაეთმობა ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ უკვე მოგვმართავს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მოქალაქეები, რომ „სინოფარმით“ არიან დაინტერესებული. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება იმ ქვეყნების, სადაც „სინოფარმით“ ვაქცინაცია დიდი ხანია, წარმატებით მიმდინარეობს. აუცილებლად მომზადდება ინფორმირებული თანხმობა მოქალაქეებისთვის, რათა კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ ვაქცინების დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ყველა ვაქცინაზე და არამხოლოდ „სინოფარმზე“. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მოქალაქეს რეგისტრაციამდე ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ყველა ვაქცინის დადებითი და უარყოფითი მხარის შესახებ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.