გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ტყის რიგით მე-8 ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ტყის მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და სექტორის განვითარების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებზე ისაუბრა.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქვეყანაში ტყის სექტორის რეფორმირების პროცესზე, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის მნიშვნელობასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა.

„მადლობას ვუხდი პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ტყის სექტორის რეფორმირების პროცესში აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება მსოფლიო გამოწვევას წარმოადგენს, რაც პირდაპირ კავშირშია ტყის მდგრად განვითარებასთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების შერბილებაში ეფექტიანი წვლილი შევიტანოთ და ტყის მდგრადი განვითარებით დავიცვათ ქვეყნის მწვანე საფარი და გარემო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროპის ტყის ონლაინ მინისტერიალს სლოვაკეთის დედაქალაქი, ბრატისლავა მასპინძლობდა.

მინისტერიალის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, კოლეგებთან ერთად, ხელი მოაწერა ბრატისლავას მინისტერიალის რეზოლუციასა და ბრატისლავას მინისტერიალის დეკლარაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები