უკრაინაში ბირთვული ქვეყნის სტატუსის აღდგენაზე დაფიქრებაზე ალაპარაკდნენ
გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა დასავლეთს მოუწოდა, უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს და ნატო-ში დაუყოვნებლივ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღის წესრიგზე დადგება ბირთვული ქვეყნის სტატუსის აღდგენის საკითხი.
ამის შესახებ დიპლომატმა რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან საუბარში განაცხადა.
უკრაინაში შექმნილი ვითარება მელნიკმა, როგორც “კატასტროფული”, დაახასიათა.
“ჩვენი მონაცემით, თითქმის 90 ათასი რუსი სამხედრო, ასევე, მათი შეიარაღებაა მობილიზებული საზღვართან, ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში. ძალის ეს განლაგება არ არის უბრალოდ კუნთების თამაში. საქმე გვაქვს რუსეთში ჯარის ყველაზე მასშტაბურ გადაადგილებასთან მეორე მსოფლიო ომის დროიდან”, – თქვა მან.
მელნიკმა ხაზი გაუსვა, რომ საკუთარი თავის დასაცავად უკრაინას არა მხოლოდ დასავლეთის სოლიდარობა, არამედ თანამედროვე შეიარაღებაც სჭირდება.
“მხოლოდ კარგი სიტყვები არ გვჭირდება. სამხედრო მხარდაჭერა გვინდა. შეიარაღების თანამედროვე სისტემები გვესაჭიროება, რომ ჩვენ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება მოხერხდეს”, – განმარტა უკრაინელმა დიპლომატმა.
ელჩის თქმით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ასევე, დონბასში განვითარებული მოვლენების დროს დაწესებული სანქციებისა და მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა, 7 წლის განმავლობაში ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ყოველივე ეს საკმარისი არ არის.
“ახლა გვჭირდება სერიოზული ნაბიჯები. გერმანია მსოფლიოში იარაღის მეოთხე ექსპორტიორია და ვფიქრობ, ფედერალურ რესპუბლიკას შეუძლია, უარი თქვას ამ მორალიზატორულ პოლიტიკაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხვალ ან ზეგ პუტინმა არ დაგვიპყროს. ამის ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ უკრაინა საბოლოდ გახდება ალიანსის წევრი. უკრაინა 2014 წლამდე რომ ყოფილიყო ნატო-ს წევრი, ანექსიამდე, აღმოსავლეთით საშინელ ომამდე საქმე არც მივიდოდა. უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს: ან კავშირის წევრი ვხდებით, როგორიც არის ნატო და წვლილი შეგვაქვს ევროპის გაძლიერებაში ან გვრჩება ერთადერთი რამ – დავფიქრდეთ ბირთვულ სტატუსზე. სხვაგვარად როგორ შევძლებთ ჩვენი თავდაცვის უზრუნველყოფას?!”, – განმარტა უკრაინელმა დიპლომატმა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინა მსოფლიოში მესამე ქვეყანა იყო ბირთვული არსენალის სიმძლავრით. მსგავსი შეიარაღება მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს ჰქონდა. კიევს გააჩნდა 220 ერთეული სტრატეგიული მიწოდებისი მანქანა: 176 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 44 მძიმე მომბდამშენი, რომლებიც შორი მანძილის ათასზე მეტი ფრთოსანი რაკეტით იყო აღჭურვილი, ასევე, 1240-ზე მეტი ქობინი.
1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმად უკრაინა დამოუკიდებლობის საერთაშორისო გარანტიას იღებდა, სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და სახელმწიფო საზღვრების დამტკიცებას.
ამის გარანტორად გამოდიოდნენ რუსეთი, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ისინი პირობას დებდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის აგრესიისგან თავს შეიკავებდნენ, მათ შორის, ეკონომიკური ზეწოლისგანაც.
სანაცვლოდ, კიევმა საკუთარი ბირთვული არსენალი დათმო.
1996 წლის 1-ელ ივნისს უკრაინამ ბირთვული ქვეყნის სტატუსი საბოლოოდ დაკარგა და ქობინების გატანის პროცესი დაიწყო.