აფხაზეთში პენსიონერები მარტის თვის პენსიის გარეშე დარჩნენ – ე.წ.რესპუბლიკაში პენსიონერების სიმრავლეზე მიანიშნებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპენსიო ფონდი მოქალაქეებისთვის მარტის თვის პენსიის გაცემას ვერ ახერხებს.

როგორც მედიას ე.წ.საპენსიო ფონდის თავმჯდომარემ, დენის გულარიამ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა პანდემია, რომლის გამოც 2020 წელს ფონდში 130 მილიონზე მეტი რუსული რუბლი არ შევიდა.

მისი თქმით, გასულ წელს “კომერციული ორგანიზაციები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ, რამაც ფონდზე გავლენა მოახდინა. ასევე, დავალიანება მართებს სახელმწიფო ორგანიზაციებს. ერთ-ერთი უმსხვილესი მოვალე “ჩერნომორენერგოა”. თუმცა, მათ გადახდის განრიგი წარმოადგინეს და ენგურჰესის გაშვების შემდეგ დაიწყებენ ფულის შემოტანას. ყველაზე დიდი პრობლემა პენსიების გაუცემლობის გამო, რასაკვირველია, “ჩერნომორენერგოს” უკავშირდება”.

ასევე, მისი თქმით, გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პენსიას იღებენ. თუ 2020 წლის დასაწყისში 6 656 ადამიანი იყო, უკვე იმავე წლის დეკემბერში რიცხვი 8 592 გახდა.

გულარიას თქმით, პენსიების გაცემა ეტაპობრივად მოხდება, თანხა სხვადასხვა რაიონში იგზავნება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მთლიანად მესამე კვარტალში დარეგულირდება, დაახლოებით, ივლის-აგვისტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები