შალვა კერესელიძე: “ქართული ოცნების” მხრიდან ვიყავი წარდგენილი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ჩემი გამარჯვება მთლიანად “ქართული ოცნების” დამსახურება არ არის
“ქართული ოცნების” მხრიდან ვიყავი წარდგენილი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რადგან გავიმარჯვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ეს არის მთლიანად “ქართული ოცნების” დამსახურება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მიუძღვის.
“იმ პროცენტის აღებაში, რაც “ქართულმა ოცნებამ” აიღო, პარტიას დიდი წვლილი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი. ორი წლის განმავლობაში გახლდით სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მე მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი, მოსახლეობის მხარდაჭერა. მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, “ქართული ოცნების” მხრიდან ვიყავი წარდგენილი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რადგან გავიმარჯვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ეს არის მთლიანად “ქართული ოცნების” დამსახურება”, – აღნიშნა კერესელიძემ.