რუსი სტასიკის – Вот тебе, 9 აპრილი და გურამ დოჩანაშვილის უკიდეგანო სიმართლე

„…გოგონა იდგა მის წინ წყნარი და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: ვოტ ტებე…“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: ზა სტალინა…“
სტასიკის მამა ზა სტალინაააა სულ სხვაგვარად ყვიროდახოლმე.
თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.
ეგონა, მოსპო.“

ეს  ნაწყვეტი მოთხრობიდან – „ორნი აქა-იქა“ იმ დიდ გურამ დოჩანაშვილის კალამს ეკუთვნის, რომელსაც ორიოდე დღის წინ მთელი ერი სამუდამოდ გამოვემშვიდობეთ. მწერალმა ამ მოთხრობის პერსონაჟი, რუსი სტასიკი ქართველი ახალგაზრდების დასარბევად კრემლის მიერ გამოგზავნილი იმ ჯარისკაცების კრებით სახედ დახატა, რომლებიც ქართველებს 1989 წლის 9 აპრილს სამხედრო ნიჩბებით ხოცავდნენ.

წყეულმა „სტასიკებმა“ და მათმა უფროსებმა მაშინ 21 ქართველს მოუსწრაფეს სიცოცხლე, ათასობით ადამიანი დაასახიჩრეს და დღესაც კრემლიდან ისევ ისე გაჰყვირიან – Вот тебе, უყვირიან ქართველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს, კავკასიელებსა და მრავალ სხვას, მრავალ სხვას; ეპოტინებიან აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ყირიმს, დონბასს, მინსკს..ზა სტალინა…“ კი უბრალოდ შეიცვალა – „ზა პუტინა!“

დოჩანაშვილი მოთხრობის ეპიგრაფში წერდა, რომ ეს ამბავი შესაძლოა, ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლიანად გამონაგონი”. მართლაც, გამოგონილად გვეჩვენება ღვთისმშობელთან სტასიკისა და მოკლული გოგონას შეხვედრა, სტასიკის მიერ ჩადენილი სისასტიკის უარყოფაც, მსხვერპლის მიერ მკვლელის პატიებაც. მაგრამ განა სინამდვილე არაა ის, თუ როგორ ურტყამდნენ მსხვერპლებს ნიჩბებს, როგორ ისვროდნენ ავტომატიდან გაცხოველებული რუსი ჯარისკაცები თბილისში, პრაღაში, ვილნიუსში, ბაქოში… განა მკაფიოდ არ ისმის დღემდე ეს შემზარავი – Вот тебе, რომელიც თავის თავში ადამიანების მიმართ სიძულვილს ინახავს, ერთმორწმუნეობას კი არა… ასე ყვირიან იმიტომ, რომ იმ ხალხების დასჯა უნდათ, ვინც თავისუფლების მოპოვება, დამოუკიდებლობა, მათ გარეშე ცხოვრების გაგრძელება  გაბედა…

მოთხრობაში ღვთისმშობელი  სტასიკს ახსენებს, რომ ბავშვი მოკლა, მაგრამ ჯარისკაცი ჯიუტად უარყოფს, მერე ამბობს – კი, მოვკალი, მაგრამ სიბნელე იყო და ვერ დავინახე, ასეთი პატარა თუ იყოო. თან ღვთისმშობელს „ამხანაგ მარიამს“ უწოდებს.  ღვთისმშობელი კი მას თავის მართლების საშუალებას არ აძლევს და საოცრად სიმბოლურ სიტყვებს ამბობს: ცუდად როგორ ჩანდა, სანთელი ეკავა ხელში”.

სტასიკი აქაც თავისი გამომგზავნი კრემლის ცოცხალი სიმბოლოა – რაც  უნდა ჩაიდინოს რუსეთის ხელისუფლებამ, ყველაფერს უარყოფს და ყველაფერზე თავის მართლებას ცდილობს – „ჩვენ არ მოგვიკლავს, ჩვენ არ მოგვიწამლავს, ჩვენ არ დაგვიბომბავს, ჩვენ არ დაგვიხოცავს, ჩვენ არ წაგვირთმევია…“

1989 წლის 9 აპრილიდან ვიდრე დღემდე 32 რთული წელი გავიდა, სტასიკს რომ ეგონა, ის ქართველი გოგონა მოსპო, არ გამოუვიდა…

 

ლევან გრიგალაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები