მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
7 აპრილს საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები, სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც, სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.