1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 32, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კი 30 წელი გავიდა (ფოტო)
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს – 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილს, 11 საათზე თბილისში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ 22 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა საბჭოთა არმიის გენერალი – იგორ როდიონოვი. სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.
9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები. იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე ,,კომენდანტის საათის,, დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა.
ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და, ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
32 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი. რეფერენდუმში ქართველი ამომრჩევლის 90%-მა მიიღო მონაწილეობა, მათგან 98%-მა დამოუკიდებლობა აირჩია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებნი.
1991 წლის 9 აპრილს, 2 წლის შემდეგ, რუსეთის არმიის მიერ მოკლულთა პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.