მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა აშშ-ის საელჩოს ადამიანის უფლებათა ოფიცერ უილიამ სიბერთან, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორ ადამ შმიდტსა და მის კოლეგებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო წინა მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას, ერთი მხრივ, კომიტეტსა და მის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს, ხოლო მეორე მხრივ საელჩოსა და USAID-ს შორის. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ბავშვების, ქალთა უფლებებისა და უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების გარანტორი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობას. კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან აღინიშნა აშშ-ის სახელმწიფოს მხარდაჭერის, ისევე როგორც სახელმწიფოთა და ხალხთა შორის თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა USAID-ისა და საელჩოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და მათი განგრძობადი მხარდაჭერისთვის.