გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თომას მიულმანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, მის სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდამჭერია და ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება. შეხვედრის ერთ-ერთ სასაუბრო თემას ოკუპაციის საკითხები წარმოადგენდა. გიორგი ხოჯევანიშვილმა ავსტრიელ დიპლომატს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. ავსტრიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული და თვითმმართველობების განვითარების საკითხები მიმოიხილეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.