გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინდორმაციაში.