სალომე სამადაშვილი: პლებისციტი ყველაზე სწორი გზაა, რათა პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ხალხის უმრავლესობას სურს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, ამომრჩევლის ნახევარს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურს.

„ცხადია, საზოგადოებას ურჩევნია, ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი. შეიძლება ითქვას, ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი წინადადება, ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი. პლებისციტი, რომელიც არის ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი აზრის გამოკითხვა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ყველაზე სწორი გზაა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ხალხის უმრავლესობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეუთანხმებლობის ფონზე, მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, მათ შორის, 42% – “სრულიად არ უჭერს მხარს” და 18% – “გარკვეულწილად არ უჭერს მხარს”. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მათ მიერ არჩეულმა პოლიტიკოსებმა განაგრძონ საპარლამენტო საქმიანობა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ: მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები