გიორგი ფხაკაძე: ქართული კლინიკები, რომელთა შემოწმებასაც ვიწყებთ, აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღებენ ფრანგული ორგანიზაციის სერტიფიკატს, რომელიც პარიზიდან გაიცემა
ქართული კლინიკები, რომელთა შემოწმებასაც ვიწყებთ, აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღებენ ფრანგული ორგანიზაციის სერტიფიკატს, რომელიც პარიზიდან გაიცემა, ეს დოკუმენტი უფრო წონიანი იქნება, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, ფრანგული ორგანიზაციის ,,აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისი თქმით, ჯანდაცვაში, გარდა იმისა, რომ საჭიროა სტანდარტები და ხარისხი, უმთავრესია ნდობა, ადამიანი უნდა ენდობოდეს სამედიცინო დაწესებულებას.
,,ყველამ კარგად იცის, რომ წლების წინათ საქართველოშ 70 საავადმყოფოს ვმართავდი და ვიცი, როგორც გამოიყურება თითოეული კლინიკის სარდაფი თუ სხვენი. სამწუხაროდ, საქართველოს ჯანდაცვაში არსებობს რაოდენობრივი და არა ხარისხობრივი მიდგომა, ანუ ითვლიან, რამდენი საწოლი აქვთ და არა იმას, მათთან რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა. კლინიკების ანგარიშვალდებულება არის ნული, მაგალითად, შეიძლება ხელფასი 160 ლარი ჰქონდეს, მფლობელმა კი წლის ბოლოს მილიონდოლარიანი ბონუსი აიღოს. ეს ნორმალურია?! დაფრანგეთში დავაფუძნე ორგანიზაცია ,,აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”. საქართველოშიც ვცადე მისი დარეგისტრირება, მაგრამ საჯარო რეესტრმა უარი მითხრა, ამიტომაც ქართული კლინიკები, რომელთა შემოწმებასაც ვიწყებთ, აკრედიტაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მიიღებენ სწორედ ამ ფრანგული ორგანიზაციის სერტიფიკატს და ამ სერტიფიკატის გაცემა მოხდება პარიზიდან.
საზოგადოების ჩართულობით საავადმოფოების ხარისხის კონტროლი ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ხალხმა იცოდეს, საჭიროების შემთხვევაში, რომელ საავადმყოფოს მიმართოს.
ინტერნეტსივრცეში ჩემი ინიციატივის გაჟღერების კვალდაკვალ გაკეთდა ვებგვერდი www.accreditation.ge, ლოგოდ ავირჩიე ,,ქართვლის დედა”, როგორც ხარისხის კონტროლის სიმბოლო! იგი კარგს ხვდება ღვინის ფიალით და კეთილგანწყობით, ხოლო ცუდს – მახვილით. ეს არის აკრედიტაციის კონცეფციაც. საავადმყოფო, რომელიც ყველაფერს კარგად აკეთებს, უნდა შევაქოთ, ცუდი კი მკაცრად უნდა დაისაჯოს.
ჯანდაცვაში, გარდა იმისა, რომ საჭიროა სტანდარტები და ხარისხი, უმთავრესია ნდობა! ადამიანი უნდა ენდობოდეს სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც ჯანმრთელობას და სიცოცხლეს აბარებს.
ჩემს ვებგვერდზე განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის გავლის პირობები. ეს არის ხალხის ნდობის სერტიფიკატი. ,,საქართველოს აკრედიტაცია” არის ქართული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაცია. ,,საქართველოს აკრედიტაციის სერტიფიკატი” გაიცემა პარიზში დარეგისტრირებული ორგანიზაციის ,,აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” მიერ. იურიდიულად ეს იქნება ფრანგული დოკუმენტი და უფრო წონიანი, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რადგანაც ამ სერტიფიკატს ექნება ხალხის ნდობა,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.