თეა წულუკიანი: ჩვენ უკვე მივმართეთ იუნესკო-ს, ერთ თვეში უნდა ვიცოდეთ იმ ექსპერტების ვინაობა, ვინც გელათის საკითხში დაგვეხმარება
“გელათის რესტავრაცია ურთულესი პრობლემაა, რადგან ეს პროცესი 2008 წლიდან დაიწყო და ზოგჯერ დაუდევრობითა და ზოგჯერ პროფესიონალიზმის ნაკლებობით, ზოგჯერ მონიტორინგის ნაკლებობით კასკადია პრობლემების”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ ამ პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
„გელათის რესტავრაცია ურთულესი პრობლემაა, რადგან ეს პროცესი 2008 წლიდან დაიწყო და ზოგჯერ დაუდევრობითა და ზოგჯერ პროფესიონალიზმის ნაკლებობით, ზოგჯერ მონიტორინგის ნაკლებობით კასკადია პრობლემების. ამიტომ დღეს ძალიან რთულია, ჯადოსნური ჯოხი დაიქნიო და პრობლემები უცებ მოგვარდეს. არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფის მოსაზრებით, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალები არიან და არაერთი ძეგლი გადაურჩენიათ, გელათის სახურავის 800 კვადრატული/მეტრი ფართი მთლიანად მოსახსნელია. ამას ეთანხმება ძეგლთა დაცვის სააგენტო, რომელიც ამ ძეგლის რესტავრაციას კურირებს, ასევე, მათ ეთანხმებათ მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც სამუშაოების მეორე ეტაპს კურირებს. ესაა მოსაზრება, რომელსაც ყველა ეთანხმება, როცა ამ სფეროში კონსენსუსის მიღწევა რთულია. ეს ნიშნავს დიდი თანხების მობილიზების საჭიროებას და იმ საქმის თავიდან გაკეთებას, რომელიც ერთხელ უკვე გაკეთდა.
ჩვენ უკვე მივმართეთ იუნესკო-ს, რადგან გელათი ამ სიაშია. პანდემია უშლის ხელს იუნესკო-საც, რომ უფრო სწრაფად იმუშაოს და, ჩემი ვარაუდით, ერთ თვეში უნდა ვიცოდეთ იმ ექსპერტების ვინაობა, ვინც გელათის საკითხში დაგვეხმარება“, – განაცხადა წულუკიანმა.