რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ფორმატის მნიშვნელობას, რომელიც სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ რეგულარული პირდაპირი დიალოგის უზრუნველყოფის ერთადერთ ფორმატს წარმოადგენს.

მხარეებმა გაცვალეს აზრები დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა მოუწოდეს ჟენევის დისკუსიების მთავარი ამოცანის – სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძალისხმევის მიმართებისკენ. ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა შეუძლებელია თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე. ეს პრაქტიკული ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში. ასეთი დოკუმენტის იმპერატიულობა ნაკარნახევია მათ შორის ამიერკავკასიაში აშშ-ისა და ნატოს გაზრდილი სამხედრო-პოლიტიკური აქტივობით, მათ შორის ალიანსში საქართველოს ფორსირებული ინტეგრაციის გეგმებით.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა შეფასებით, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრებზე კონტროლირებადია. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის აზრით, დაძაბულობის შემდგომ შემცირებას ხელს შეუწყობდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყება.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს საქართველოს ანტირუსული რიტორიკისა და სოხუმისა და ცხინვალის იზოლაციის მცდელობების კონტრპროდუქტიულობა. ქართული მხარის მიერ არჩეული ტაქტიკა არა მხოლოდ ხელს უშლის ჟენევის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას, არამედ ბლოკავს მის საქმიანობას ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის ჰუმანიტარული ჯგუფის სრულფასოვანი მუშაობის კუთხით. კერძოდ, საუბარია რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად შეაქვს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ამ დროს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ნიუ-იორკში ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები