დავით ფარცვანია თანამდებობიდან გადადგა – “მადლობა გიორგი გახარიას სწორი ღირებულებებისთვის”
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე – დავით ფარცვანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ინფორმაცია ფარცვანიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“მეგობრებო, დღეს მივმართე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საქართველოს პრემიერმინისტრთან შუამდგომლობისთვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისასთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევების შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში.
ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება – ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მომავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით. სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერმინისტრს – გიორგი გახარია, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა, ბატონო გიორგი, რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისა და ფასეულობებისთვის, რომლებსაც ატარებთ და რომლებსაც გვიზიარებთ – რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები!
მე დროებით გემშვიდობებით.
მომავალ შეხვედრამდე!” – წერს დავით ფარცვანია.