აგრარულ საკითხთა კომიტეტში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა,სადაც ამ დარგის მიღწევებსა და პრობლემებზე იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. ნინო წილოსანის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მეწარმეებს მათი მოქმედების სფეროში არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნონ, მეორე მხრივ კი, მრეწველებისგან მიიღონ ინფორმაცია დარგში არსებულ შესაძლო პრობლემებზე, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე აღსრულების ნაწილში. მისივე თქმით, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურება შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარონ მეწარმეებს. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების პროექტი გააცნო, რომლებიც უშუალოდ მათი წარმოების სფეროს ეხება. თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა გათვალისწინებამ მათივე აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეთა წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას. ბოლო დროს პრობლემათა შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე. წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი მნიშვნელოვანწილად ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და ამ პრობლემის მოგვარება მათი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს. „ყველა იმ თემას, რომელიც მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო, შევისწავლით და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად რუსეთსა და უკრაინაში. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს. სამწუხაროდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ართულებს, თუმცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ქართული ღვინის უნიკალურობა დავიცვათ, რათა იქ ქართული ღვინის ფალსიფიცირებას მოეღოს ბოლო”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.