2019-2020 წლებში ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა
“სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, განათლების მიმართულებით ასევე მოქმედებს უნიკალური ინსტრუმენტი – სკოლის შემდგომი განათლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც პირველად ქმნის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის, გალსა და ახალგორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტების როგორც საცხოვრებლით, ისე სტიპენდიით უზრუნველყოფას.
„2019 წელს ამ პროგრამით ისარგებლა 139-მა, ხოლო 2020 წელს 180-მა ახალგაზრდამ, რომლებისწავლას სასურველ ფაკულტეტებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში განაგრძობენ. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალსა და ახალგორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ეროვნულ გამოცდებზე სათანადო კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა აბიტურიენტებს. პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა. ყველა საშეღავათო პროგრამის გათვალისწინებით, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა 400-მდე სტუდენტმა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ განათლების ყველა საფეხურისადმი წვდომა, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.