„სააკაშვილთან ერთად ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა, დღეს იმ მოძრაობის სათავეშია, რასაც სიბნელე ჰქვია“ – გოგა ხაინდრავა

“მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვერასდროს ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა. ის დღეს იმ მოძრაობის სათავეში დგას, რასაც სიბნელე ჰქვია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა.

„მოლაპარაკებები არც შედგება. იქ, სადაც სააკაშვილია, არაფერი შედგება. სააკაშვილთან ერთად როგორ შეიძლება, რამე შედგეს? ვერასდროს ვერაფერი შედგა ძალადობის, უკუღმართობის, გარყვნილების გარდა. ამ ქვეყანაშია სხვა არაფერი მოუტანია. დღეს იმ მოძრაობის სათავეში დგას, რასაც სიბნელე ჰქვია.
მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყველასათვის მოსაწონი ხელისუფლება არ არსებობს, საერთოდ, მუდმივად მოსაწონი ხელისუფლებაც არ არსებობს. ამ მოლაპარაკებებმა ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა. ევროპელები მიხვდნენ, რომ ეს არის განუვითარებელი პოლიტიკური კლასი, რომელთანაც რაიმე ტიპის სერიოზული ურთიერთობა შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც აქედან გამოვიდა, ყველამ დაინახა, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. როგორ შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს, შალვა ნათელაშვილს, აკო მინაშვილის პოლიტიკურ თემებზე ელაპარაკო?
დანიელსონი გინდაც 10-ჯერ დაბრუნდეს აქ, შეცვლის ნინო ბურჯანაძის, ან ნათელაშვილის, ან მინაშვილის აზროვნებას? წარმოიდგინეთ, აკო მინაშვილს რომ დასვამენ მოლაპარაკების მაგიდასთან, იმის ქვემოთ რაღა უნდა იყოს? პლინტუსის ქვემოთაა ეს ყველაფერი. ის იმას გააკეთებს, რაც დავაალეს, დესტრუქციას. ბოკერიაზე რომ ვლაპარაკობთ, ამაზე სამარცხვინო ფუგურა შეიძლება, არსებობდეს საერთოდ? ადამიანმა ყველგან ყოველთვის ყველაფერი წააგო. ნაცისტური რეჟიმის იდეოლოგი იყო, რეჟიმის – რომელიც კაცებს აუპატიურებდა, დღემდე ტივტივებს პოლიტიკურ ზედაპირზე. იმის გამო ტივტივებს, რის გამოც წყალზე გარკვეული ნივთები ტივტივებს ხოლმე. მეტი მას არაფერი გააჩნია, არც პოლიტიკური ალღო, არც ბიოგრაფია, ან წარმატება. რატომ ზის იმ მაგიდასთან, ვის წარმოადგენს, ჩვენთვის გაუგებარია. გინდაც მაგისი ყოფილი თანაპარტიელი, მოლაპარაკებიდან გამოდის და ამბობს, მე პოლიტიკური პარტიის წევრი აღარ ვარო. თუ არ ხარ, მაშინ რა გინდა მოლაპარკების მაგიდასთან? საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში კრიზისი არაა.

„ბიუჯეტი მიღებულია, მთავრობა, პარლამენტი ფუნქციონირებს, საერთაშორისო ურთიერთობები გრძელდება. ნატო-ს 4 გემია შემოსული. ბრიუსელში პრემიერმინისტრის ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო. საგარეო ურთიერთობები დღის წესრიგშია. შიგნითაც ცხოვრება მიდის. არანაირი კრიზისი არაა ქვეყანაში. ვფიქრობ, გადამეტებული ყურადღებაა ამ სიბნელეზე, უნდა დავანებოთ მაგათ თავი. როცა მათ ხსენებას თავს დავანებებთ, იმ წუთში გაქრებიან. არაფერს წარმოადგენენ, მათ უკან არაფერი დგას, ერთადერთი რაცაა – ეკრანი. ეკრანი აცოცხლებს მათ. სინათლე რომ ჩაქრეს ორი კვირით საქართველოში და ეკრანზე არ დაინახო, ყველას დაავიწყდება ესენი. იმაზე დიდი ფარისევლობა რა უნდა იყოს, როდესაც უდუმაშვილი დგას, ევროპულ არჩევანზე ლაპარაკობს და გვერდზე ბურჯანაძე უდგას, რომელმაც 2 დღის წინ მთელს მსოფლიოს აუწყა, პუტინის მეტი ამ ქვეყანას ვერავინ გადაარჩენსო. შეხედეთ, ვინ დგანან და ლაპარაკობენ. ისინი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენენ. მათი ფასეულობაა კარვების ქალაქი. წადით და ნახეთ, რა ხდება. ეს არის მათი ზნე, სახე, პოლიტიკური გზა. თავის აქტივისტებს საპირფარეშოს ხმარება მაინც ასწავლონ, ქალაქის ცენტრი რომ ააყროლეს. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, ხომ ხედავს ამას. რატომ მოუნდება მეორედ ამ საქართველოში ჩამოსვლა? ტურიზმზე, ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ.
მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ საქართველოში სტაბილიზაცია შეინარჩუნოს. ყველა გვირჩევს, ნუ აურევთ საკუთარ ცხოვრებას, ძალინ დიდი საშიშროებააო. გაიხედეთ რა ხდება, როგორი დაძაბულია მსოფლიო, როგორი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა. ცივი ომის შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ასეთი დაპირისპირება არ მახსოვს. ამერიკის პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტზე ეთქვა მკვლელიაო, არ მახსოვს ასეთი რამე. ნახეთ რა დაპირისპირებაა ეგეოსის ზღვაში თურქეთსა და საბერძნეთს შორის, აქეთ თურქეთსა და ევროკაშირს შორის, აქეთ ყარაბაღის ომი. გავეშებულია რუსეთის იმპერია, მომდგარია ჩვენს საზღვრებთან. ცოტა ჭკუა ხომ უნდა გვქონდეს, რაღაცნაირად ხომ უნდა მივხვდეთ, ეგრე არ არის ეს ცხოვრება, რომ კარვები გავშალოთ. ურდოები ასე მოდიოდნენ. ახლაც ურდოა. ოღონდ  – შიდა ურდო. შიდა ურდო დგას, რყვნის და აყროლებს ამ ქვეყანას, აქაც და საზღვარგარეთაც“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები