მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვიქტორია კლიმიჩევა დაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვიქტორია კლიმიჩევა დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვიქტორია კლიმიჩევა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“მეგობრებო, დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ კვლავ ვიმუშავებ ნინო გიორგობიანთან – უმაგრეს პროფესიონალსა და საუკეთესო ადამიანთან.
არ შემიძლია, არ დავწერო იმ უწყებების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. მეამაყება ყოველი დღე, რომელიც გავატარე გმირი პოლიციელებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გვერდით, მუდამ ვიქნები მათი გულშემატკივარი და მხარდამჭერი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, იშვიათი ღირსების მქონე, პროფესიონალს, პატრიოტსა და ძალიან კარგ ადამიანს. მისი ხელმძღვანელობის პირობებში მუშაობა შსს-ში და სუს-ში დიდი პატივი იყო. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას, უწყების ხელმძღვანელობასა და თითოეულ რიგით თანამშრომელს.
მადლობა მინდა, გადავუხადო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი ბაგრატიონს თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. მინდა, მას წარმატებები და კიდევ მრავალი სასიკეთო პროექტის განხორციელება ვუსურვო”, – წერს კლიმიჩევა.