„ოპოზიციის სიმბოლო ცარიელი კარვებია, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ანტისანიტარიის ბუდედ იქცა“ – გოგა ხაინდრავა

“ოპოზიციის სიმბოლო ცარიელი კარვებია, რომლებიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ანტისანიტარიის ბუდედ იქცა“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„ამ ქვეყანაში ერთი სერიოზული ეტაპი დავამთავრეთ. ჩემთვის, როგორც ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლისთვის, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთერთი ასეთი სიმბოლოა ცარიელი კარვები პარლამენტის წინ. ეს ძალიან ნიშნდობლივია იმისათვის, რომ დღევანდელი ვითარება ყველა ჩვენგანმა გაიაზროს. უკან დიდი შენობაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობამ თავის დროზე იმისათვის შექმნა, რომ იქ პოლიტიკური დებატები და ცივილური ფორმით ყველა ტიპის კამათი იყოს. პარლამენტში დღევანდელმა ოპოზიციამ 60 მანდატი მოიპოვა. ასეთი წარმატება ამ ოპოზიციას მთელი ამ წლების განმავლობაში არ ჰქონია, მაგის ნახევარი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამ ოპოზიციის სიმბოლოა ცარიელი კარვები, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ეს ერთერთი სამარცხვინო გამოვლინებაა და მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხალხი 30 წლის წინანდელ იმ საქართველოში დარჩა, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც მაშინ დაშორდა იმ უბედურებას, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა და, რეალურად, პოლიტიკური ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს ვითარება ბევრად უფრო მძიმეა, რადგან ყველას – ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას ესმის, რომ 30 წელიწადი გავიდა და ამ პოლიტიკურ წრეს რაღაც მაინც უნდა ესწავლა. სამწუხაროდ, ის წუმპე, რომელიც მაშინ ნათელი იყო, დღემდე არ არის გამშრალი. იმავე ფიგურებს ვხედავთ – ნათელაშვილი, ბურჯანაძე, ადამინები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური გაჭირვების ყველა ეტაპზე კონკრეტულ როლს თამაშობდნენ. როგორც წესი, ეს როლი ჩრდილოეთ ქარებისთვის იყო დამახასიათებელი. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიბეცე საქართველოში რუსული იმპერიალიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, არ მგონია”, – განაცხადა ხაიდრავამ.

კინორეჟისორი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა.

„მსოფლიო დიპლომატიას ქარაგმებით ლაპარაკი ახასიათებს, პირდაპირ არასდროს ამბობენ, რას ფიქორბენ, მაგრამ ოპოზიციას პირდაპირ უთხრეს, რატომ თამაშობთ რუსულ თამაშსო? ეს შარლ მიშელმაც თქვა და დანიელსონმაც ჰკითხა. მიუხედავად ამისა, ცარიელი კარის მტვრევას მაინც ჯიუტად გაანგრძობენ. ეს მათი არჩევნია. მე დარწმუნებული ვარ, 30 წელწადში, ამ პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებით, ქართული საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა. მათ პოლიტიკურ სპექტრსაც ვერ ვუწოდებ, ეს არის სიბეცის ერთობა. ახლა მათ კომკავშირელი ბანკირები დაემატნენ. საერთოდ, რადიკალი ბანკირების ცნება მსოფლიოში არ არსებობს. ასეთი რამ წარმოუდგენელია. ადამიანები, რომლებსაც პრეტენზია გააჩნიათ, რომ მევახშეებიდან ნელ-ნელა ბანკირებამდე გაიზრდნენ, ახლა ისევ პოლიტიკურ მევახშეებად იქცნენ, ეს აბსოლუტური ანომალიაა. ასეთი რამ საერთოდ საბანკო პრაქტიკაში არ ყოფილა. მაგრამ ყველა ეს მანკიერება რომლის მოწმენიც ახლა ვართ, ჩვენს ორგანიზმზე იყო. ჯობს, ეს გამოვლინდეს იმიტომ, რომ იქნებ ქართულმა საზოგადოებამ იპოვოს მალამო, რათა თავის ორგანიზმიდან ეს წყლულები მოიშოროს. ისინი, რასაც ვხედავთ, წყლულებია, რადგან აგებულია სიცრუეზე, ცილისწამებაზე, ორპირობაზე, ფარისევლობაზე. რაც ყველაზე საწყენია, ფიქრობენ, თავად რომ ბეცები არიან , ქართული საზოგადოებაც ბეცია. აკო მინაშვილს, ვაშაძეს ჰგონიათ, გამოვლენ, რიხიანად ტყუილს ილაპარაკებენ და მთელს საზოგადოებას ეგონება, რომ ისე ხდება, როგორც ამბობენ. ამ დროს ყველამ ვიცით, რა ხდება, როგორ ხდება. რა ხდებოდა ამ მოლაპარაკებებზე. საქართველოში არაფერი იმალება.

წარმოგიდგენიათ, როგორი პოლიტიკური თამასაა საქართველოში, რომ ამ ფონზე „გირჩი“, რომელიც, ჩემი აზრით, სექტაა და არანაირი კავშირი პოლტიკასთან არ აქვს და და ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური ვარსკვლავები არიან, რომ შეხედო, როგორ იქცევიან და რას ლაპარაკობენ. ერთადერთი, საიდანაც მეტნაკლებად გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ, რეალობაში იმ მაგიდასთან რა ხდებოდა, არიან „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი. ბოკერია და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობაა“, ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობაა“, ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობაა“, პრაქტიკულად, ყველა აქტორი, რომელსაც იმ მაგიდაზე ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ბუნებრივია, რომ მათი ბელადი რასაც ქადაგებს, იმას ახორციელებენ. მათგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, იმის მეათედსაც ვერ აიღებენ, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე აიღეს. ამას ყველა ხედავს, საკუთარი აქტივისტები ვეღარ გამოჰყავთ მიტინგებზე. ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია დღეს იმიტომ, რომ ეს [არჩევნების ჩატარება] ამომრჩევლის შეურაცხყოფა იქნება. იმიტომ რომ აკო მინაშვილს ასე უნდა, აკო მინაშვილის ჭკუაზე ეს ქვეყანა ვერ ივლის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები