ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდვაქცინის შედეგად განვითარებული ალერგიით ჯერ არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, ეს პირველი შემთხვევაა, ყველაფერს სწორი სამედიცინო ექსპერტიზა, შეფასება სჭირდება
“კოვიდვაქცინის შედეგად განვითარებული ალერგიით ჯერ არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, ეს პირველი შემთხვევაა, ყველაფერს სწორი სამედიცინო ექსპერტიზა, შეფასება სჭირდება”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ამ ტემპით გაგრძელდა ვაქცინაცია, დასახული მიზნის მიღწევას დიდი ხანი დასჭირდება.
,,გულანთებული, კოლეგებს შორის გამორჩეული ადამიანი მივიდა და ვაქცინა გაიკეთა, მაგრამ ამას შეეწირა. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვა იარაღი არ გაგვაჩნია, არც წამალი გვაქვს… საზოგადოებამ უნდა იცოდეს: ყველას, ვინც ასაცრელად მიდის, ექიმი უსვამს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. მაგალითად: ცუდად ხომ არ გრძნობს თავს? რაიმე ჩივილი ხომ არ აქვს? აქვს თუ არა რეაქციები ალერგენებზე, სხვა ვაქცინებზე, ან საინექციო მედიკამენტებზე? ბოლო 14 დღის განმავლობაში ხომ არ გაუკეთებია სხვა ვაქცინა? ხომ არ ყოფილა ოდესმე კოვიდდადებითი, ან ხომ არ აქვს ანტისხეულები დაავადების გადატანის შემდეგ? ხომ არ აქვს სიმსივნე, აივ-ინფექცია, ან იმუნური სისტემის სისუსტით მიმდინარე რომელიმე დაავადება? აქვს თუ არა სისხლდენისკენ მიდრეკილება, ან ხომ არ იღებს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს? ქალბატონებს ეკითხებიან, ხომ არ არიან ორსულად ან მეძუძური დედები? თუ რამე პრობლემა ჩნდება, ვაქცინაციაზე უარს ეუბნებიან. კატეგორიულად არ შეიძლება ორსულებისა და 18 წლამდე ახალგაზრდების აცრა”, – აცხადებს კულუმბეგოვი.
მისი თქმით, კოვიდგატანილს ზოგი ქვეყანა ერთი თვის შემდეგ ცრის, ზოგი ორი თვის შემდეგ, ჩვენთან ეს ვადა 120 დღეა.
,,შოკის განვითარებას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ რვა შემთხვევაში განვითარდა ანაფილაქსიური შოკი, ,,ფაიზერის” ვაქცინის გამოყენებისას – მილიონიდან ხუთ შემთხვევაში, ,,მოდერნას” ვაქცინით აცრისას კი 2,5 შემთხვევაში. ჩინური ვაქცინების მონაცემები არ ვიცით. აქედან ლეტალური არცერთი ყოფილა, რეაქციათა 90% განვითარდა ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთში. მეგის, როგორც ვიცი, პირველი სიმპტომები 15 წუთში დაეწყო.
ამ შემთხვევის დეტალური განსჯა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან დოკუმენტაცია ჯერ რეგულირების სააგენტომ უნდა შეისწავლოს. მნიშვნელოვანია სამხარაულის ბიუროს დასკვნაც. წინასწარი მონაცემებით, ერთი შეხედვით ყველაფერი სწორად გაუკეთეს – გადასხმა, ,,დექსამეტაზონი”, ,,ადრენალინი”, გულის გაჩერებისთანავე გაუკეთდა საჭირო მედიკამენტები, მაგრამ ყველაფერს ჯერ მაინც სწორი სამედიცინო ექსპერტიზა, შეფასება სჭირდება, ამიტომ, ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში კოვიდვაქცინის შედეგად განვითარებული ალერგიით ჯერ არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ ამის ზუსტ შეფასებას დაგვავალებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო, თვითონ კომპანია ,,ასტრაზენეკა”. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, თუ საჭირო იქნება, პროცესში ჩაერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის შემდგომი გვერდითი მოვლენების კომიტეტის ორი ექსპერტიც, რათა ყველა დეტალი ზუსტად გაირკვეს.
მივიღეთ გადაწყვეტილება, ვქცინაციის პროცეში გაგრძელდეს, მაგრამ სანამ მეგის გარდაცვალების მიზეზი გაირკვევა და მოსახლეობას შიში გაუქრება, უსაფრთხოებისთვის ვარჩიეთ, აცრა ჩავატაროთ მხოლოდ მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყველა დარგის ექიმია. თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ ვაქცინაცია, დასახული მიზნის მიღწევას დიდი ხანი დასჭირდება. დღეს აცრილის 3642 ადამიანი, არადა გვინდა, მილიონ შვიდასი ათასი აიცრას, ამას კი ასეთი ტემპით 10 წელი დასჭირდება. მთელს მსოფლიოში ხალხი იცრება სკოლებში, სტადიონებზე, სუპერმარკეტებში… ამერიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მანქანიდანაც არ გადმოდის, ისე იცრება.
კოვიდვაქცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებს კითხვებზე პასუხი სჭირდებათ, ამიტომ, ასეთებს ბევრი მაგალითი უნდა ვუჩვენოთ. აუცილებელია, საზოგადოებამ ირწმუნოს ვაქცინაციის სიკეთე. სხვაგვარად პანდემიის დასრულება ვერ წარმომიდგენია”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მას 18 მარტს აცალციხის ,,იმედის” კლინიკაში ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.