პროკურატურამ „ნაცმოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 17 მარტს, დ.კ.-მ ტაქსით მგზავრობისას თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის მიმართულებით, ავტომანქანიდან პნევმატური იარაღით რამოდენიმე გასროლა მოახდინა. სამართალდამცველებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პნევმატური პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 179 ცალი საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დ.კ.-ს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები