თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი და ასევე, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, გიორგი უძილაური 5 მაისს დააკავეს. მას ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, გიორგი უძილაური მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები