პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროსა“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდი“ – თ.გ. და ,„ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. დაუკავშირდნენ გ.გ-ს მამას – ა.გ.-ს და ორგანიზება გაუკეთეს ბიზნესმენ მ.ყ.-სგან ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2020 წლის 1 ივნისს მ.ყ.-ს ვინმე “მაგამედი“ დაუკავშირდა, ჩეჩენი ეროვნების კრიმინალური დაჯგუფების წევრად გაეცნო და მისი შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ, 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. 2 ივნისს მ.ყ.-ს ასევე დაუკავშირდა ა.გ. და პრობლემის „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და ე.წ. „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით მოგვარებას დაპირდა. ა.გ. არწმუნებდა მ.ყ-ს, რომ თითქოსდა, ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ თ.გ.-მ გადაიხადა ჩეჩენი ეროვნების კრიმინალების მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მ.ყ.-ს თანხა ე.წ. „კანონიერი ქურდისთვის“ უნდა გადაეხადა. დაშინებისა და „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედების იძულების მიზნით, მ.ყ-ს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. და კატეგორიულად მოითხოვდნენ თანხის გადახდას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მოქმედებას. მ.ყ-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი 12 ივნისს ქ.სენაკში ა.გ.-ს გადასცა, რის შემდეგაც ა.გ. სამართალდამცველებმა დააკავეს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.გ-მ ნარკოტიკული საშუალების შემცველი დიდი ოდენობით მცენარე უკანონოდ დათესა და მოიყვანა. თ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ხოლო ა.გ.-ს და გ.გ.-ს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), ასევე, ა.გ-ს ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ. ვინაიდან თ.გ. და გ.გ. თავს არიდებდნენ გამოძიებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, თ.გ.-ს და გ.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თ.გ-ს 9 წლით, ხოლო ა.გ-ს და გ.გ-ს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები