პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გ. წ-ს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის გ.წ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა. აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში – ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურა სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები