საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, კალიურანდმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.
„პრემიერს მივულოცე ასოცირების საბჭოს წარმატებული შეხვედრა. ვისაუბრეთ პოლიტიკურ კრიზისზე. ყველას შეთანხმებისკენ მოვუწოდე. მისია, რომელიც მიშელის ინიცირებით დაიწყო და რომელსაც დანიელსონი აგრძელებს, წარმატებული უნდა იყოს. ეს არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ყველაზე მეტად ქართველი ხალხისთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მოქალაქეებს სურთ მჭიდრო კავშირები ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან“, – განაცხადა კალიურანდმა.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისთვის პრიორიტეტი ხალხის ინტერესი უნდა იყოს.
„მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ კონკრეტული წინადადებები შემოგთავაზოთ. ჩემი რჩევაა, დააყენოთ პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესი. ჩემი რჩევაა გადადგათ შეიძლება არც ისე პოპულარული ნაბიჯები, მაგრამ წინ გაიხედოთ და გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროთ. მე ვარ ყოფილი დიპლომატი. მე მჯერა მოლაპარაკებების, ერთმანეთის მოსმენის, კომპრომისის ძებნის. მე მჯერა, ეს სიტუაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა, რადგან პროცესში პირადად ჩართულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.