“გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში”
“გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტამდე”, – ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
ჟოზეპ ბორელსა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს.
„სიღრმისეული და საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა ასოცირების ხელშეკრულების დეტალებსა და საქართველოს მოსახლეობისთვის ხელშესახები სარგებლის მოტანაზე. ვისაუბრეთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მყარი რეფორმების განხორციელებაზე. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ოპერატიულად და დროულად მოვახდინეთ რეაგირება, საქართველოსადმი სოლიდარობის გამოხატვა, მნიშვნელოვანი სამედიცინო მარაგის უზრუნველყოფა. 130 მილიონ ევროზე მეტი იყო გამოყოფილი გასულ წელს კოვიდის დაძლევის მიზნით. ახლა ჩვენი აქცენტი ვაქცინაციის კამპანიაზე კეთდება. ძალიან მახარებს, რომ შაბათს დილით საქართველოში COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში ვაქცინების პირველი პარტია ჩამოვიდა. ჩვენ ამ პლატფორმაზე უმსხვილესი დონორები და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერები ვართ. ვაქცინის ჩამოტანის კვალობაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება, საქართველოს დავეხმარებით ვაქცინაციის კამპანიის წარმართვაშიც, რომელიც წარმატებით დაიწყო გუშინ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას მომავალშიც მიიღებენ. უკეთესი, მწვანე ეკონომიკა იარსებებს კრიზისის დაძლევის შემდეგ“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მან ასევე საქართველოში ჩატარებული რეფორმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, დასძინა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეტად ხელმისაწვდომი ხიდები უნდა არსებობდეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც არის ჩვენი წლის აქცენტი, ეფუძნება ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია. მიგვაჩნია, რომ დაკავშირებადობა არის ის ასპექტი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესები ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა და ამაში ჩართული იქნება საქართველოს ხელისუფლება და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც სამიტზე გაგრძელდება ამაზე საუბარი“, – განაცხადა ვარჰეიმ.